
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინარული მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
4. აგრარული მეცნიერებები;
5. სოციალური მეცნიერებები;
6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.
კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდის კანცელარიაში განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 07.05.2022, 16:00 სთ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.